სტატიები

თემის განვითარების ევროპული სისტემა ლაგოდეხისთვის

ქალაქის ცენტრი სავსეა ხილ-ბოსტნეულისა ხორცის დახლებით, რომელსაც ავტომანქანის გამონაბოლქვი დაუდობლად ეფინება. აქაურებისთვის სოფლის მეურნეობა თითქმის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ლაგოდეხელები სამუშაო ადგილების სიმცირეს უჩივიან და ქალაქის განვითარებას ითხოვენ. ამ ქალაქში ცოტამ თუ იცის რამე ახალი ინიციატივის შესახებ, რაც თავად მოქალაქეებს რეალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს ანიჭებს.

ცოტა ხნის წინ ასკაციანი ჯგუფი, რომელიც ლაგოდეხის განვითარების მიზნით გაერთიანდა, ევროკავშირის დახმარებით  პროექტების დაფინანსებას იწყებს.  ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი (LAG),  რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და  აქაურებისთვის უკვე ახალი შესაძლებლობები გააჩინა. 

 რა არის ლაგი LAG-  ?

„ლაგები“, იგივე ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივ სამოქალაქო გაერთიანებებს წარმოადგენენ, რომლებიც თვითმმართველობის პარალელურად თემის  განვითარებისათვის  საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაციას, ხალხის ჩართულობას და, საერთო ჯამში, ლოკალურ განვითარებას უწყობენ ხელს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებსა და თემში ლაგების მუშაობას რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. უკვე მიღებული გამოცდილება კი აჩვენებს, რომ სისტემა დიდ დახმარებას უწევს ადგილობრივ დონეზე მცირე და საშუალო ბიზნესის, სამოქალაქო და სოციალური პროგრამების განხორციელებას.

ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები არიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

საპილოტე პროექტი ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში 3 მილიონი ევროთია დაფინანსებული. ანალოგიური პროექტები,  ლაგოდეხის გარდა, ხორციელდება ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს,  ესპანური ფონდის – „ეტეას“ წარმომადგენლის დახმარებით, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ესპანეთში მოქმედ მსგავს სამოქმედო ჯგუფებს, მათ საქმიანობას, გეგმებსა და მოდელს, რა ფორმით არსებობენ მსგავსი სამოქმედო ჯგუფები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და რატომ არიან ისინი წარმატებული სოფლის განვითარების სფეროში.

ლაგოდეხის ლაგის წევრმა, სოფელ ჭიაურის მკვიდრმა, მევლუდ კაპანაძემ,  „კახეთის ხმას“ უთხრა,  „ლაგი“ რა იყო, კარგად არც იცოდა, მაგრამ მისი წევრობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ რეალურად ახალი საქმეების გაკეთების შესაძლებლობა დაინახა. კაპანაძე ამბობს, რომ   ლაგი სოფლისათვის სათემო ცენტრის გახსნას დააფინანსებს, რაც  განვითარების პერსპექტივას გააჩენს.

„ლაგის წევრი ვარ, ვთანამშრომლობ ამ ჯფუფთან. საკმაოდ ეფექტური პროგრამაა და ამ პროექტების განხორციელება სოფლისთვის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა. გაუმჯობესდება ეკონომიკური და სოციალური დონე მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა  მევლუდ კაპანაძემ.

„სოფლის განვითარების  მიდგომა ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს  თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და დასახონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ამ პრინციპის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხარდაჭერა სამომავლოდ დანარჩენ რეგიონებზეც გავრცელდება, რაც საქართველოს დაეხმარება ეფექტური და ევროპულ გამოცდილებზე დამყარებული სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის და სოფლის განვითარების მენეჯერი  ალვარო ორტეგა.

უახლოესი წლების განმავლობაში ევროკავშირი ხელს შეუწყობს რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში, დაეხმარება მათ უნარების გაუმჯობესებასა და  ბიზნესის განვითარებაში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი ან დივერსიფიცირებული სასოფლო ბიზნესი. ეს კი საბოლოოდ გაზრდის სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას.

როგორ ვითარდება ევროპის სოფლები და რას აკეთებს (LAG) ?

– მაგალითად, სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მათ ურჩევიათ რაიმე ხელობის შესწავლა. ან აგროტურიზმში დასაქმება და ამისთვის ტრენინგი სჭირდებათ.  შესაძლოა, მათთვის უფრო პრიორიტეტული იყოს ტურისტული მარშრუტების გაკეთება და იქ გზების მოწყობა, რადგან, თუ იქ ტურისტები მივლენ, ხალხიც დასაქმდება.  ასეთ გადაწყვეტილებებს  თემში მცხოვრები ადამიანები თავად იღებენ.

ევროპაში ასეთი პროექტები ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. ამ ჯგუფებში შეიძლება იყოს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე – არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შესაძლოა, სხვადასხვა ინიციატივები წამოაყენონ, გვინდა, რომ განსხვავებული იდეები წარმოადგინონ, ამიტომ არის ეს საპილოტე პროექტი. დაახლოებით ასეთი  იყო სოფლის განვითარების პროგრამა.

ეს კარგი პროგრამა იყო, სოფელი გაძლიერდა, მაგრამ, გრძელვადიანი და თანმიმდევრული პროგრამა არაა, მაგალითად, შეიძლებოდა სოფელს ეთქვა, რომ სასაფლაოს კედლის შეკეთება სჭირდებოდათ და ამას აკეთებდნენ. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ ეს იმას ჰგავს, მტირალ ბავშვს კანფეტს რომ აძლევენ. ეს იყო კარგი საწყისი იმისთვის, რომ  სოფელს თვითორგანიზება შეძლებოდა. ახლა საჭიროა ისეთი პროგრამის განხორციელება, რომ სოფელი თანმიმდევრულად განვითარდეს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროკავშირთან დახლოებაზე, ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს ძალიან კარგ მოდელს. შესაძლებელიარომ სოფლად გქონდეს ძალიან კარგი ცხოვრება ისე, რომ არ იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში. ევროპა არ არის მხოლოდ ისეთი ლამაზი ქალაქები, როგორებიცაარომი და პარიზი. ნებისმიერ პატარა სოფელშიც კი, ღირსეული ცხოვრების პირობებია.  – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე  ხუან ეჩანოვე.

 ლაგოდეხში, სოფელ შრომაში მცხოვრები რიმა კაკალაშვილი ამბობს, რომ სოფლის მაცხოვრებელთა ინტერესებისთვის არც ერთი ორგანიზაცია არ ზრუნავს. „სჯობს ხალხმა თვითონ ვიზრუნოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. ჩემი ბაღბოსტანი მაქვს. ვუვლი, მაგრამ მისი შემოსავალი ოჯახის საერთო ხარჯების 30% ვერ ფარავს. არ ვიცი ლაგი რა არის, მაგრამ , თუ სოფლისათვის სასარგებლო პროგრამებს ხელს შეუწყობენ, მაშინ იქნება ჩვენ შევთავაზოთ იდეები და საქმე წინ წავიგდოთ.

რომელი პროექტები დააფინანსა პირველად ლაგმა ლაგოდეხში?

ლაგის (LAG)  წევრებს სურთ, შეიტანონ საკუთარი წვლილი მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ლაგოდეხის სამოქმედო ჯგუფის მეშვეობით იზრუნონ ადგილობრივი პრობლემების გამოვლენასა და  გადაჭრაზე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირ ,,ენფარდის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (ლაგის) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პირველ ეტაპზე  8 საგრანტო პროექტი დაფინანსდა.

ლაგოდეხში სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერ ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, საპილოტე პროგრამა ხელს უწყობს ევროპულ გამოცდილებებზე დამყარებული სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში.

,,ლაგმა მიიღო მონაწილეობა საგრანტო პროცესში იმ პროექტების შერჩევისას, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და საბოლოოდ გამარჯვებულები გამოავლინა. ევროპული, ლიდერ მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ლაგმა, რომელიც მთავარი კომპონენტია სოფლის განვითარების საპილოტე პროექტში,   ამ ტიპის პროექტები უნდა შეაფასოს, შეარჩიოს და მონიტორინგი ჩაატაროს შესაბამისი სფეროს კონსულტანტებსა და ექსპერტებთან ერთად“, – განაცხადა მარუაშვილმა.

პროექტში მონაწილე ბენეფიციარების განცხადებით, საპილოტე პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებას უწყობს ხელს, უდიდეს როლს თამაშობს ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ინიციატივების მხარდაჭერის პროცესში.

დაფინანსებული პროექტები:

მარწყვისა და ვარდის სათბურები, ჩირის წარმოების აპარატურის შეძენა, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საბავშვო ბაგა-ბაღის აღჭურვა ინვენტარით, სათემო ცენტრის რეაბილიტაცია და ერთი სოციალური პროექტი ნაადრევი ქორწინებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე. საერთო ჯამში, 8 პროექტმა 150 000-მდე ლარის დაფინანსება მიიღო.

პროგრამის ხარვეზები

პროგრამის გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობენ პროექტის სხვა ბენეფიციარები. მათი განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, რომ ორგანიზაციას დასაწყისშივე მზად ჰქონოდა მუნიციპალიტეტის შესახებ კვლევა, რათა ადვილი ყოფილიყო ბიზნესდაგეგმარება რაიონის მასშტაბით.

,,პროექტის ფარგლებში მოვითხოვე დაფინანსება, მინდოდა ტრაქტორის ყიდვა, დახლოებით 8 ათას დოლარად ღირებული. პროექტი ჩავაბარე, მაგრამ  უარი მითხრეს, მეორედ სცადეთო, არ ვიცი, რატომ არ დაფინანსდა ჩემი პროექტი. უდავოდ  საჭირო პროგრამაა ქალაქისა და სოფლებისთვის, მაგრამ ბიუროკრატიულია, რაც არ მომწონს. მაქვს სახნავსათესი 12 ჰექტარი  მიწა და ვერ ვუვლი, რადგან ტრაქტორი არ მყავს. პრექტისათვის საჭირო თანადაფინანსების 30% – მე ვიხდიდი, მაგრამ არ მომცეს. თანაც, 15 ადამიანის დასაქმება მინდოდა. უარის მიზეზი არ განუმარტავთ, – აღნიშნავს სოფელ ფონაში მცხოვრები ტელმან კობერიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგოეფექტურობის ფონდის“ თავმჯდომარე ვახტანგ ზარქუა, ჩვენთან საუბრისას, პროგრამის პირველ ეტაპზე ლაგს რეკომენდაციებს სთავაზობს.

,,ლაგის პროგრამა ეფუძნება ადგილობრივ თემში ინიციატივების გააქტიურებას, მოსახლეობისა და ადგილობრივი მთავრობის თანამშრომლობის ხელშეწყობას. მიმაჩნია, რომ, თუ ეს პროგრამა მოერგება ქართულ სინამდვილეს და სტრუქტურა ჩამოყალიბდება, ყველგან იმუშავებს ეს იდეა და პრინციპი, რადგან დემოკრატიული და თავისუფალია. ჩემი აზრით, აუცილებელია, არსებობდეს კვლევები, რომელსაც გამოიყენებდა საზოგადოება, ასევე, ორგანიზაციები პროექტების მომზადებისას. თუ არ იცი, რაზეა მოთხოვნა კონკრეტულ ქალაქში, რა რესურსებია, გიჭირს ბიზნესის დაგეგმვა და პროექტების შედგენა. კარგი იქნებოდა, ეს ხარვეზიკვლევითი კომპონენტი გათვალისწინებული ყოფილიყო ამ პროექტის ფარგლებში. სასარგებლო ინფორმაცია მეწარმეების, ფერმერებისა და არასამთავრობო სექტორისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. იმედია, ეს გამოსწორდება და დაიხვეწება, – განაცხადა ზარქუამ.

პროექტის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვს მოსახლეობას. „კახეთის ხმამ“ ლაგოდეხში, ვაშლოვნის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი გამოკითხა.  ლაგის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისათვის. ინფორმაციის მიწოდებისას არსებულ ხარვეზებზე საუბრობს თავად პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია „ქეას“ საპილოტე პროექტის მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი.

ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მიზნით,  მეორე ეტაპზე ლაგის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად საქმიანობა იქნება სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლებისათვის.

,,ლაგი იწყებს სოფლებში შეხვედრებს, რათა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს, რადგან ყველაზე მთავარი მოსახლეობის თანამონაწილეობაა სხვადასხვა აქტივობებში. ლაგმა სოფლების დონეზე ადგილობრივი საჭიროება  სათემო მობილიზაციის პროცესში შეარჩია, რაც შემდეგ ეტაპზე თემატურად დაჯგუფდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგვაწოდეს რეკომენდაციები პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, – აცხადებს პროექტის მენეჯერი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი

ლაგის წევრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავეს.  დოკუმენტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა 100 ადამიანისგან შემდგარი ორგანო მუდმივ განახლებას საჭიროებს. ლაგ-ში განსხვავებული მოსაზრებებიც ბევრია.

„მნიშვნელოვანია, რომ ლაგის წევრები სათემო მობილიზაციის შეხვედრების დროს შეირჩნენ, სულ   100 წევრია ორგანიზაციაში, რომელიც  ყველა სფეროსა და ინტერესის წარმომადგენელს აერთიანებს, ორგანიზაცია დაყოფილია კერძო, სამოქალაქო სექტორებად და მონაწილეობს მუნიციპალიტეტიც. მუნიციპალიტეტსა და საზოგადოებას შორის  მჭიდრო თანამშრომლობაა, აქ ყველა თანაბარია. ერთად მუშაობენ საჭიროებაზე, პრობლემებზე და სახავენ გადაჭრის გზებს. სტრუქტურულად გვაქვს გენერალური ანსაბლეა, აღმასრულებელი ორგანო მძლავრი მექანიზმით. ეს არის მუდმივად განახლებული პლატფორმა, უკვე გვყავს ახალი წევრები, ვისაც აქვს სურვილი, გახდნენ ლაგის წევრები. ერთერთი მთავარი მიღწევა, რაც ლაგს უკვე აქვს, არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  2016-2020 წლებს. ეს არის მათი შემუშავებული დოკუმენტი. ამ პრობლემათაგან პრიორიტეტები სწორედ გენერალურმა ასაბლეამ განსაზღვრალაგის წევრები  თემატურად დაჯგუფდნენ  და 5-თვიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შედეგად გამოიკვეთა მუნიციპალური პრიორიტეტები და საჭიროებები, რომელიც აისახა სტრატეგიულ დოკუმენტში“, – ამბობს მარუაშვილი.

ჯუბა მარუაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სტრატეგია ეროვნულ დონეზე მუშავდება და ძალზე მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ დონეზე სტრატეგიული გეგმის შედგენა შემდგომი ეტაპისთვის.

,,მნიშვნელოვანი იყო, რომ საპილოტე პროცესები სწორად წარმართულიყო, ეფექტურად, რათა  გარკვეული შედეგები მიღებულიყო. სწორედ ამან მისცა ბიძგი იმას, რომ გაგრძელდა ,,ENPARD 2, დაიწყო მუშაობა სოფლის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზეც. ლაგის წევრები სასწავლო ტურით იყვნენ ესპანეთში წასულები, მანამდე სხვა წევრები გავუშვით შოტლანდიასა და ჩეხეთში. იქ მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით ენახათ, როგორ მუშაობენ ლაგები და რომ ლიდერული  მიდგომა შედეგის მომტანია“, – განმარტავს ის.

საპილოტე პროექტს ლაგოდეხში საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CARE,“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ,,ETEA“ ფონდი (ანდალუზიის რეგიონული განვითარების ფონდი) ახორციელებს.

ლაგოდეხის ლაგს კიდევ ერთი წელი აქვს ახალი პრიორიტეტებისა და პროგრამების განსახორციელებლად. ლაგოდეხელთა მაგალითმა უნდა აჩვენოს სოფლის განვითარების ევროპული სისტემის დანერვას რა შედეგის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის.  

მევლუდ კაპანაძე

ტელმან კობერიძე

ვახტანგ ზარქუა