თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა
ცერემონიას კულტურისა მინისტრი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, სხვა ოფიციალური პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. მისივე განმარტებით, არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.
,,სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე მოხდა ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. ბატონის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია”,– განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, სასახლის ეზოში ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
,,აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი. პროექტის ფარგლებში უკვე ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს,”– განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.