კაჭრეთში სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართა
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედი სათემო– საინიციატივო ჯგუფები და ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
როგორც knews.ge-ს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა, ნინო ვასაძემ განუცხადა, ორდღიან ფორუმზე იმსჯელებენ სახელმწიფოს მხრიდან სათემო ინიციატივების/პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
,,ფორუმზე წარმოდგენილები არიან სოფლების დონეზე მომუშავე სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ლიდერები. შეხვედრის მიზანია სათემო ინიციატივების და პროექტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობების საკითხის განხილვა: რა გამოწვევებია, რა შესაძლებლობები არსებობს და არსებული ვითარება როგორია. ასეთ შეხვედრას აქვს მეორე ძალიან დიდი დატვირთვა, რომ ამ სათემო ჯგუფებმა, რომლებიც თითქმის მთელი საქართველოდან არიან წარმოდგენილები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და გაცვალონ ინფორმაცია. ჩვენს შევარჩიეთ 10 ნომინანტი და გამოვავლენთ წლის საუკეთესო ქალთა თაოსნობით განხორციელებულ სათემო ინიციატივას ან პროექტს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნინო ვასაძემ.
ფორუმი გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“ და თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის (CDJ-Community Development Journal) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.