ირაკლი სესიაშვილი – გიორგი ბოტკოველის სტრატეგია აგებულია სიცრუეზე
სესიაშვილის განცხადებით, მისი ოპონენტი ამომრჩეველს ცრუ დაპირებებით გონებას უბნევს. სესიაშვილმა საუბრისას უარყო მისი და მისი შტაბის მხრიდან პედაგოგებზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება და აღნიშნა, რომ გიორგი ბოტკოველის სტრატეგია პროპაგანდასა და სიცრუეზეა აგებული.
,,ის ხმები, რომელიც ბოტკოველმა პირველ ტურში დააგროვა, სხვათა შორის, სწორედ ამ მეთოდით შეძლო. ეს არის მოსახლეობის მოტყუება. მისი ცრუ დაპირები, მოსყიდვა. რაც შეეხება ამ განცხადებას, ბოტკოველი, როდესაც ხელისუფლებაში იყო, გუბერნატორის მოადგილე იყო, თუ პარტიას ხელმძღვანელობდა, რა მეთოდებითაც ატარებდა არჩევნებს, უნდა რომ ის პარალელი გაავლოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ამით საზოგადოებაში გააჩინოს გარკვეული ილუზიები, რომ „ქართული ოცნებაც“ ძალადობრივ საშუალებებს იყენებს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის თელავსა და ყვარელში გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს. მისივე თქმით, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას.