თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება
როგორც თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ knews.ge-ს განუცხადა, აბანოს უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს, რაც აფერხებს გზის გაწმენდით სამუშაოებს. მისივე ინფორმაციით, გზა, სავარაოდოდ, ხვალ გაიხსნება.
„თოვლი ინტენსიურად მოდის. აბანოს უღელტეხილის აქეთ კიდევ უფრო დიდი თოვლია. გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელება დიდთოვლობის გამო შეუძლებელია. გზის გაწმენდას აზრი არ აქვს, რადგან მალევე ისევ თოვლით იფარება. იმედია, რომ ხვალ გამოიდარებს. გზაც, სავარაუდოდ, ხვალ საღამოს გაიხსნება. მთავარია, ინტენსიურად აღარ ითოვოს. თუშეთში მყოფ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გზის გახსნამდე გადაადგილებისაგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი“, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლის ინტენსივობა აღარ მოიმატებს. სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 19 ოქტომბრიდან გამოიდარებს.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში თოვლი 16 ოქტომბერს მოვიდა.