Winter In Georgia – საიმიჯო ვიდეორგოლი საქართველოზე 3 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
ვიდეო, რომელიც 2015 წელს საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის გადაიღეს, საქართველოს მასშტაბით ზამთრის კურორტებზე ტურისტების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძეს თქმით, აღნიშნული ონლაინ მარკეტინგული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს 12 ქვეყანაში.
,,სპეციალიზებული მარკეტინგული კამპანია გვაქვს ასევე Tripadvisor-თან ერთად 10 ქვეყანაში. სპეციალური პროექტი ხორციელდება National Geographic-თან ერთად, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად საქართველოს მიეძღვენება. ჩვენ მიერ გადაღებული ზამთრის ვიდეორგოლის ტრანსლირება 4 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ კლიპმა უკვე მიიღო აღიარება 3 სერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალზე. მომავალში გადავიღებთ სხვა ვიდეორგოლებსაც და იმედი გვაქვს, ისინიც ისეთვე წარმატებული იქნება, როგორც პირველი,“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ვიდეოზე სარეკლამო სააგენტო Switch communications-მა იმუშავა. კომპანიის კრეატივ დირექტორის, აკა მელიქიძის თქმით, ეს კლიპი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი გადაღება დიდი პასუხისმგებლობა იყო:
„უზარმაზარი შრომა ჩაიდო როგორც კლიპის მოფიქრების, ისე მომზადების პროცესში, – რთული იყო გადაღებები და მისი შემდგომი პროცესი, სპეციალურად კლიპისთვის დაიწერა მუსიკაც და ა.შ. ამავდროულად, ეს შრომა სასიამოვნო იყო, რადგან ვიცოდით, ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ უბრალო ვიდეოს, არამედ რაღაც უფრო კარგს ვაკეთებდით და ეს დიდ სტიმულს გვაძლევდა. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ კარგი პროდუქტი გამოვიდა და შედეგით ნამდვილად კმაყოფილები ვართ “,– განაცხადა აკა მელიქიძემ.