გიორგი ბოტკოველი– ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს
ბოტკოველის განცხადებით, სესიაშვილი თელავის საარჩევნო ოლქის ორმოცდაშვიდივე უბნის კომისიის წევრს მაგიდაზე ხელების ბრახუნით ხვდება და აძლევს დავალებებს.
”ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს. გვაქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩემი კონკურენტი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს კომისიის წევრებს. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს თელავი-ყვარლის ოლქზე, სადაც 47 უბნიდან 19 უბანში მე გავიმარჯვე. ზუსტად ამ 19 უბნის კომისიის წევრებს, როგორც საოლქო კომიიის კვოტით, ასევე, პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრებს პირდაპირ აძლევს დავალებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ უბნებზე რაც არ უნდა მოხდეს, ამაზე თვალი დახუჭონ. ასევე ისინი მიუთითებენ, რა უნდა გააკეთონ და როგორ გაზარდონ ხმები საარჩევნო უბანზე. პირველ რიგში ეუბნება, როგორ გაბედეს და წააგეს არჩევნები კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე და მერე ხელების ბრახუნით აძლევს დავალებებს, როგორ უნდა გააყალბონ არჩევნები, რომ მან გაიმარჯვოს” , – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მისი თქმით, ამ საკითხის გასაჩივრებას თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში აპირებს.
,,კადრებში ასახულია მე-6 სკოლის დირექტორი ქეთი ველთაური, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და სუს-ის შეკრებები თელავში სწორედ აღნიშნულ სკოლაში ტარდება”,– აღნიშნა ბოტკოველმა.