მაშველებმა თორღვას აბანოსთან ხევში გადავარდნილი 4 ადამიანი გადაარჩინეს
შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა კი ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„თორღვას ხეობაში სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა და პოლიციელებმა 80 მეტრის სიღრმიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანეს. ხევში ნაპოვნია 2 არასრულწლოვანის ცხედარიც, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მაშველი დაშავდა“, – განაცხადეს საგანგეობო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.