თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება
ღონისძიება, წელს, მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. ფესტივალის მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, წლევანდელი პროგრამა მეოცე საუკუნის ცნობილი მევიოლინის – ოლეგ კაგანის 70 წლისთავს ეძღვნება, რომელიც ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი თანამოაზრეა ელისო ვირსალაძესა და ნატალია გუტმანთან ერთად. ,,ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის არაერთ მუსიკოსს მასპინძლობს. მთავარი სიახლე ფესტივალზე ევროპული ორკესტრის ჩამოსვლაა. ქალაქ კრაკოვის (პოლონეთი) ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობით ორი კონცერტი გაიმართება. ორკესტრს უდირიჟორებენ ევროპაში ცნობილი იაცეკ კასპშიკი და ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. ფესტივალი უკვე 36 წელია იმართება და გარდა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა, საგანმანათლებლო ფუნქციაც შეიძინა”,– განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოს-შემსრულებლები.
,,ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე მე-20 საუკუნის ცნობილ კომპოზიტორთა ის ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ფორტეპიანოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალობებში, რომლებშიც კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას”.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.