ირაკლი სესიაშვილი – ჩემი ინიციატივაა ცივის მთაზე ფუნიკულიორის აშენება
სესიაშვილის თქმით, მისი ერთ–ერთი დაპირება თელავში, ცივის მთაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა, რაც ქალაქში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,მე ვთავაზობ როგორც ქალაქს ისე ხელისუფლებას, რომ თელავი გახდეს ისეთივე ტურისტული ცენტრი, როგორიც არის ბათუმი და თბილისი. თელავს ვხედავ როგორც ღვინის დედაქალაქს, სადაც ღვინის ფესტივალები ტარდება. ჩემი ინიციატივაა ცივის მთაზე ფუნიკულიორის აშენება. ცივის მთა არის ჩვენი ქალაქის სიმბოლო. მისი განვითარება დამატებით ინვესტიციებს მოიტანს: აშენდება სასტუმროები, განვითარდება ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, ეს კი რა თქმა უნდა შემოსავალს მოგვიტანს და დადებითად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე’’, – განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის ინიციატივას უარყოფითად აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ,,ლეიბორისტული პარტიის“ თელავი-ყვარლის დეპუტატობის კანდიდატის, აკაკი ჯიყაშვილის აზრით, აღნიშნულ ადგილას ინფრასტრუქტურული პროექტის განახორციელების შემთხვევაში, ცივის მთაზე გაიჩეხება უამრავი ხე, რაც ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.
,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ თელავში ცივის მთაზე უნდა აშენდეს ფუნიკულიორი. მე მივმართავ მოსახლეობას ამ ინიციატივის გამო არ დაუჭირონ მხარი სესიაშვილს, რადგან ამ სიახლის განხორციელება ცუდ შედეგებს მოიტანს, სტიქიური უბედურებები დაგვატყდება თავს და ზვავსაშიშროებას შექმნის, რადგან გაიჩეხება უამრავი ხე’’,– განუცხადა Knews.ge–ს აკაკი ჯიყაშვილმა.