სიღნაღის გამგეობა – ღორების მასობრივი ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს
გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ღორების მასობრივი ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. უწყების ცნობით, რაიონის არცერთ სოფელში მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა. იმავეს ადასტურებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც ინფორმაციის გავრცელებისთანავე ყველა სოფელში ადგილზე შეისწავლეს საკითხი და აღნიშნეს, რომ ღორის მასობრივი დახოცვის ვერცერთი შემთხვევა ვერ აღმოაჩინეს.
,,შესაძლოა ცალკეული შემთხვევები მართლაც მოხდა, თუმცა ეს ეპიდემიის არსებობას არ ნიშნავს. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეული იქნებოდა თავის დროზე სხვადასხვა დაავადებაზე პირუტყვის არასათანადო დამუშავებით“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მესხიშვილმა.
უწყებაში აცხადებენ, რომ საჭიროებისამებრ განაგრძობენ მონიტორინგს, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ, ცხოველის დახოცვის შემთხვევების შესახებ ოპერატიულად დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებს, რათა დახოცილი პირუტყვი შესაბამისი წესით დროულად დამარხონ.
შეგახსენებთ, რომ ,,კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ღორების ინტენსიურად დახოცვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. ფხოველიშვილის განცხადებით, მეღორე ფერმერები საქონლის ინტენსიურად დახოცვის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვეტერინარულმა სამსახურმა მომხდარ ფაქტებზე რეაგირება არ მოახდინა. ფერმერი ქალბატონი კოლეგებს მიმართავს, რომ საეჭვო ფაქტის დაფიქსირებისთანავე მიმართონ მუნიციპალიტეტის ვეტერინარულ სამსახურის.