დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას 51 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა დაგორდა და ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მათ მისვლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მანქანაში მყოფი 35 წლამდე ასაკის მგზავრი კი მრავლობითი დაზიანებებით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. აღმოვუჩნეთ სამედიცინო დახმარება. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი უკვე გავწერეთ სახლში”, – განუცხადა ინტერნეტ პორტალ ,,ქიზიყს” დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხათუნა ზურიკაშვილმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.