დღეს თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
,,ხვალიდან ღვინის კომპანიებს შეეძლებათ როგორც ონლაინ, ისე ადგილზე რეგისტრაციის გავლა სუბსიდირების პროგრამაში ჩასართავად. უკვე ყურძნის სიმწიფის მიხედვით დავიწყებთ ხილის კრეფასა და ჩაბარებას”,-განაცხადა სამანიშვილმა.
მეღვინეების განცხადებით, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ყურძენი შესაბამის კონდიციას მიაღწევს და მისი მასიური კრეფა სექტემბრიდან დაიწყება. რთველი რეგიონში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.
,,ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, წელს ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება:
,,წელს, ჩაბარებული ყურძნის შესახებ ინფორმაცია ჩვენს სერვერზე ელექტრონულად აისახება, შესაბამისად მევენახეები დაბრკოლების გარეშე მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში მიიღებენ ანაზღაურებას”, – აცხადებს სამანიშვილი.
წელს რეგიონში 200 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. აქედან 150 ათას ტონამდე საწარმოო გადამუშავებისთვის იქნება განკუთვნილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე – 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 2 ლარით. 2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს/ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.