სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დის გაუპატიურებაში ბრალდებული გაამართლა
როგორც knews.ge-ს სასამართლოში განუცხადეს, საქმეში ძალადობის ნიშნები არ გამოვლინდა და მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზურაბ კახეთელიძის განმარტებით, არასრულწლოვანმა გოგონამ თავად დაადასტურა არაერთგზის გაუპატიურების ფაქტი. მისივე თქმით, მბრალდებულ მხარეს სხვა მოწმეებიც ჰყავდა, თუმცა ეს ფაქტორი მოსამართლემ არ გაითვალისწინა. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„საქმეში აშკარად გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. პროკურატურას მოწმეებიც ჰყავდა, თავად დაზარალებულმაც დაადასტურა სექსუალური ძალადობის ფაქტი, თუმცა მოსამართლემ მაინც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ჩვენ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ“, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ კახეთელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისაგან დაორსულდა. ბრალდებული 17 წლისაა.
ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე არასრულწლოვანი 2016 წლის თებერვალში დააკავეს. 5 თებერვალს სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ორსული და კი სოციალური მომსახურების სააგენტომ, უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს არაერთგზის გაუპატიურებას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.