თელავში ტუბერკულოზის შესახებ ჟურნალისტებისათვის სემინარი ჩატარდა
სემინარი საკონსულტაციო ჯგუფის „ჯეპრა“ ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას თელავსა და გურჯაანში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
მედიცინის დოქტორის, ადვოკაცია–კომუნიკაციის ექსპერტის ეკა სანიკიძის განცხადებით, სემინარის მიზანია მასმედიის ინფორმირება ტუბერკულოზის შესახებ, რომელიც აქტუალური პრობლემაა ქვეყანაში. მისი თქმით, სამომავლოდ ამ მიმართულებით ბევრი საკითხია დასამუშავებელი და გადასაწყვეტი.
,,უკვე მეორე წელია, ტუბერკულოზთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება თავის თავზე აიღო სახელმწიფომ და აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. შესაბამისად სასურველია, მოსახლეობა იყოს ინფორმირებული არა მარტო დაავადების, მისი სიმპტომების თუ მკურნალობის შესახებ, არამედ ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესახებაც. ამიტომ ჩვენ ინფორმაციას ვაწოდებთ მასმედიას, რომლის შემდეგაც მოხდება ამ თემის პოპულარიზაცია და საზოგადოების დაინტერესება. ეს არამარტო მოსახლეობის ინფორმირებას შეუწყობს ხელს, არამედ პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართვას, რის გარეშეც ლოკალურად ადგილობრივი პრობლემების თუ ბარიერების მოხსნა ვერ მოხერხდება‘’, – განუცხადა Knews.ge-ს ეკა სანიკიძემ.
საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საჯარო სკოლების მოწავლეებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრების ჩატარება.
,,საგანმანათლებლო ღონისძიებები უკვე ჩავატარეთ ქუთაისსა და თბილისში. ვგეგმავთ, ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებიც მოვიცვათ. აღნიშნული კამპანიის შემდეგი ეტაპი იქნება ამ პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართვა. სასწავლო პროცესის გდანახლებისთანავე დავიწყებთ შეხვედრებს როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის’’, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა თეონა ხმელევსკიმ.
,,აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის’’ (GFATM) მიერ დაფინანსებული ,,ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის’’ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის, ტუბერკულოზის შესახებ სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის მსვლელობისას, პროექტის ექსპერტები ჩაატარებენ სემინარებს. ღონისძიებაში ქვეყნის მასშტაბით ჩაერთვება 40-მდე ჟურნალისტი, 300-მდე სტუდენტი, 40-მდე პედაგოგი და 1000-მდე მოსწავლე. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტუბერკულოზის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.