ახალი ამბები

თელავის საკრებულოს დეპუტატმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ვარდოშვილის კრიტიკის ადრესატი თელავის მერია გახდა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა knews.ge-ს განუცხადა, მერის ბრძანებით ქალაქ თელავში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე სახურავის მიმაგრების საკითხის შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის 14 ივლისს შეიქმნა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ საკრებულოს 2015 წლის 15 ივლისის სხდომაზე დააყენა სტიქიის პრევენციული სამუშაოების ჩატარების საკითხი, რაშიც თელავის მერიც დაეთანხმა. ვარდოშვილის მტკიცებით, პლატონ კალმახელიძემ ერთი წლის წინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერიის შესაბამისი სამსახური კონტროლზე აიყვანს აღნიშნულ საკითხს, თუმცა ამ მხრივ მდგომარეობა უცვლელია. 
„აუცილებელია, რომ სახურავები გამაგრდეს კატანკიანი მართულით, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიისაგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ყოველი სტიქიის შემდეგ გადახდილი სახურავების გადახურვისთვის დაახლოებით 100 000 ლარი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ფაქტობრივად ეს არის გადაყრილი თანხა, რადგან სახურავების მიმაგრების შემდეგ მისი გადახდის პრობლემა აღარ იქნება და გაცილებით ნაკლები საბიუჯეტო სახრსრები დაიხარჯება. საკრებულოს წინა სხდომაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თუ თელავში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე სახურავის მიმაგრების საკითხის შესწავლის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება და არ გადადგავს რეალურ ქმედით ნაბიჯებს, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, აღარ დავესწრები საკრებულოს, ბიუროს და კომისიის სხდომებს. თუ აღმსარულებელი ხელისუფლება ჩემს მოწოდებას ყურად არ იღებს, მე გადავალ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე მოვა, რომ დროებითი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებას არ დაიწყებს“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა. 
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის შეიქმნა, ფუნქციონირებს და მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებს.