აკურაში ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებული არ დაუკავებიათ
რაც შეეხება სოფელ აკურას მაცხოვრებლებს, ისინი ნოდარ მოდებაძის მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოდებაძეს ახლად ჩაყრილი ვაზი ჰქონდა გაშენებული, რომელსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქონელი უზიანებდა. აკურელების თქმით, მოდებაძემ მწყემსი რამდენჯერმე გააფრთხილა და მათ შორის შელაპარაკება სწორედ ამ თემაზე მოხდა. მათივე განცხადებით, კამათის შემდეგ ეჭვმიტანილმა სანადირო თოფი მოიტანა და მოდებაძის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.
“ის დაქირავებული მწყემსია, მეტი შეგნება არ აქვს. რაც შეგნება ჰქონდა, ის გააკეთა. ნოდარი ადგილზევე გარდაცვლილა. საფანტის ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი“, – განაცხადა ლევან ესიტაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივ მკვიდრს, 66 წლის ნოდარ მოდებაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ, მოდებაძეს ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა გახსნილია და ცნობილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობაც. ამჟამად პოლიცია ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.