თელავში ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა
გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფიფიამ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1982 წელს დაბადებულ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფიფიას ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომაზე პროკურორი ვლადიმერ ბეგიშვილი ითხოვდა 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ თემურ ფიფიას ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მომავალი 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
,,ათას ლარიანი ჯარიმაც არ მეკუთნოდა, რადგან წესრიგს ვიცავდი. რომან ქევხიშვილი მოსული იყო იმის გამო, რომ შეხვედრა ჩაეშალა. მშვიდად ვეუბნებოდი, დაეტოვებინა დარბაზი, მაგრამ მდგომარეობიდან გამომიყვანა და ხელი დავარტყი. ჩხუბი მან დაიწყო, გარედან ისმოდა ჩვენი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები. მას შეხვედრაზე მოტანილი ქონდა კვერცხი, რომელიც ბოლოს ჩვენი მისამართით ისროლა”,–განაცხადა knews.ge–სთან ,,სოციალისტური საქართველოს” თავმჯდომარე ფიფიამ.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ სახალხო მოძრაობის ლიდერები, თუმცა თავად დაზარალებული პროცესზე არ გამოცხადდა. წინა სასამართლო სხდომა 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჩაინიშნა.