ახალი ამბები

იორმუღანლოში მშრალი ხილისა და ფისტას გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

 ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამომავლოდ 1000 ჰა ფისტას პლანტაციაც გაშენდება. სამუშაოები უცხოური ინვესტიციით განხორციელდება.
,,კომპანია „არიკ ჯგუფი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 2,000 ჰა მიწის ფართობზე საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს და 400 ჰა-ზე უკვე გაშენებული აქვს ვენახი და ხილის ბაღები. გარდა ამისა, სამომავლოდ იგეგმება 1000 ჰა ფისტას პლანტაციის გაშენებაც. მეორე მიმართულებაა აგრომრეწველობა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმადობა წელიწადში 4 მლნ ბოთლი იქნება. გარდა ამისა, აშენდება მშრალი ხილისა და ფისტას გადამამუშავებელი საწარმოები. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ესაა ეკოტურიზმი. ფერმის ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტურისტებს კომპანია შესთავაზებს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, სკაიდაივინგი, ცხენებით ჯირითი და სხვ. აღნიშნულ ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.