სტატიები

თეა წულუკიანი – ახალი კანონი ფერმერებს მიწის რეგისტრაციას გაუმარტივებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, კანონი გლეხებსა და ფერმერებს მიწის რეგისტრაციას მაქსიმალურად გაუადვილებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ და დაგეგმილ სიახლეებზე თეა წულუკიანმა ისაუბრა თელავში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გუბერნიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი შეკრებილი საზოგადოებისათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ. წულუკიანის განცხადებით, კანონპროექტების ავტორი იუსტიციის სამინისტროა და აღნიშნული კუთხით ცვლილებების განხორციელების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. 
,,კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და სწორედ მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები’’, – განუცხადა Knews.ge-ს თეა წულუკიანმა.
მინისტრის გამნარტებით, სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებასა და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გასწორებაში დაეხმარება. მისივე თქმით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.
,,მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი, ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება. სახელმწიფო ჩაერთვება ყველა ამ პროცესში და შეეცდება თითოეული მხარისთვის ერთობლივად მისაღები გამოსავალი იპოვოს. რაც მთავარია პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება’’, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.