ახალი ამბები

თელავში ავერსის კლინიკის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

როგორც knews.ge-ს ავერსის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება.
,,ჩვენი კლინიკის მშენებლობის პროექტი საკმაოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანია. ჩვენ მაღალი ხარისხის მომსახურებას შევთავაზებთ მოსახლეობას. აქამდე კახეთის რეგიონში ავერსს არ ჰქონდა კლინიკა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება პირველი ჩვენი კლინიკა თელავში. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კლინიკა უახლესი აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს შევთავაზებთ ისეთ დიაგნოსტიკურ საშუალებებს, რის გამოც მათ ადრე თბილისში უწევდათ ჩამოსვლა”, – აღნიშნა პაატა კურტანიძემ.
ქალაქ თელავის მერის პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, კლინიკაში 50 ადამიანი დასაქმდება. ამჟამად კი სამშენებლო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. 
,,თელავში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც სამედიცინო სფეროში კონკურენციას და ხარისხს გაზრდის. მნიშვნელოვანია ის, რომ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ეს ჯანდაცვის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.