ახალი ამბები

განათლების მინისტრი მანდატურის სამსახურის რებრენდინგს გეგმავს

მინისტრი მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს. 
„მანდატურებს აშკარად სჭირდება რებრენდინგი. მე მანდატური მომწონს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს. კომაროვში პირველი მანდატურის მოსვლას მოვესწარი. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც ბუა. ბუა და პოლიციელი იყო ბავშვისთვის, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ბუა და პოლიციელი იყო მასწავლებლისთვის, რაც ჩაგვრის ელემენტია, რომ „შენ გაჩვენებ სეირს“. ბუა და პოლიციელი იყო დირექტორისთვის. პირველი 20 მანდატური სკოლის დირექტორი გახდა, ასე მითხრეს, არ ვიცი, გადაამოწმეთ. თუა ასეა, ნიშნავს, რომ მივიდა ტიპი, ძირი გამოუთხარა, სკამს ფეხი მოუხერხა და დაჯდა. 21-ე დირექტორი რას გრძნობს, ხომ წარმოგიდგენიათ?“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
მინისტრისვე განცხადებით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაცემა დაიწყო. მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგთან ვიზიტი უცნაურად ჟღერს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თუკი გარკვეულ საკითხებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს. მინისტრისვე განმარტებით საკითხის კარგად ჩამოყალიბებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.