ახალი ამბები

სოფელ ახაშენში VI საუკუნის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო

ტაძარი გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზიდან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, აღნიშნული არქიტექტურული ძეგლი VI საუკუნით თარიღდება და სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძრის რეაბილიტაციის პარალელურად მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძეგლის არქეოლოგიური კვლევებიც. 
,,გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თხოვნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. ,,ყვავის“ საყდარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიაკუთვნა, რასაც მოჰყვა სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება. პროექტის ავტორია არქიტექტორი ნოდარ მინდორაშვილი. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ეკლესიის ინტერიერი მთლიანად გაიწმინდა, კედლებიდან ჩამონაშალი ქვებისგან და მიწისგან. ეკლესიის რესტავრაციის პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის არქეოლოგიური კვლევები, რომელშიც არქეოლოგი გიორგი რჩეულიშვილია ჩართული. ეკლესიის სამხრეთ მინაშენში აღმოაჩინეს საოჯახო ქვის სამარხი და ოთხი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, ძვლები. საოჯახო აკლდამაში აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯური, პასტის მძივი და მწვანე ფერის მინერალისგან დამზადებული საშუალო ზომის კვერცხი, რომელსაც არქეოლოგების აზრით, საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება. მოპოვებულ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, მეცნიერები შეისწავლიან და შეაფასებენ. რაც შეეხება ტაძრის რესტავრაციას, სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და ეკლესია მოქმედი გახდება,”– განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.
ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს.