თელავში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების პერსპექტივებზე იმსჯელეს
2016 წლის 1-ელ ივლისს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლის მიხედვითაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. დღეიდან, ასევე, ამოქმედებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ყველა დებულება. როგორც knews.ge-ს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, ერეკლე როსებიშვილმა განუცხადა, უპროცეტენტოდ მოკლე ვადაში ხელშეკრულების სრულად ამოქმედება საქართველოს მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრდაჭერაზე მიუთითებს.
,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით თელავში გაიმართა. 2016 წლის 1 ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება. 431-ე მუხლის თანახმად, ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას’’,- განუცხადა Knews.ge-ს ერეკლე როსებიშვილმა.
ასევე ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების, ახალგაზრდობის, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.
შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.