სოფელ ნუკრიანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
სოფელი ზღვის დონიდან 958-1100 მეტრზე მდებარეობს და 11 კილომეტრზეა გაშლილი. როგორც სათემო კავშირ ,,ნუკრიანის” გამგეობის თავმჯდომარემ, მაია ბიძინაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, მაღალმთიან დასახლებთა ნუსხაში სოფლის შეტანა ხელს შეუწყობს ნუკრიანში ახალგაზრდების დაბრუნებას.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე სოფელი აღნიშნული სტატუსის გარეშე დარჩა, სათემო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა ადვოკატირების კამპანია. ბიძინაშვილის განმარტებით, კამპანიის ფარგლებში საქართველოს მთავრობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.
,,იმისთვის რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებინათ ნუკრიანისთვის, დაგეგმილი ადვოკატირების კამპანია წარვმართეთ. პირველ რიგში, გავარკვიეთ რატომ ვერ მოვხვდით პირველად სიაში და მერე უკვე ვიმუშავეთ იმაზე, როგორ მიეღო სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ვითანამშრომლეთ თვითმმართველობის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმების ცენტრის თანამშრომლებთან, რათა სწორხაზობრივად მივყოლოდით ყველა დეტალს. ამ პროცესში გვერდში გვედგა ნუკრიანის ყველა მკვიდრი. გამგეობასთან ერთად შევქმენით საბჭო, რომელიც ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას’’, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდა, სოციალური შეღავათები კი – ნაწილობრივ. აღნიშნული დასახლებული პუნქტების მოსახლეობა სოციალური შეღავათების სრული პაკეტით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებს. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბაშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი.
მიმდინარე წლის 1 სექტემრბიდან სოციალური შეღავათების დარჩენილი ნაწილი ამოქმედდება. კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით მიიღებენ სახელმწიფო პენსიის 20%–ს, რომელიც, ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. ექიმების ხელფასი, რომელიც ამ ეტაპზე 650 ლარს შეადგენს, 360 ლარით გაიზრდება და საბოლოოდ 1010 ლარს შეადგენს. ხელფასები გაეზრდებათ პედაგოგებს და ისინი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე 50%–იან დანამატს მიიღებენ.