ახალი ამბები

თუშეთში ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება

25-26 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება. ,,ფესტივალის ფარგლებში დამსწრეები ეზიარებიან ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობას მიიღებენ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და სხვა ღონისძიებებში“, – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი 25 ივნისს, 13:00 საათზე, გაიხსნება. 13:30-14:00-მდე დაეთმობა თუშეთისა და თუში ხალხის ცხოვრების მოკლე ისტორიულ მიმოხილვას.

14:00 საათზე ლელა თათარაიძე და ჯგუფი “კესანე” გამართავენ ფოლკლორულ კონცერტს.
15:00 საათზე ჩატარდება ტრადიციული თამაშები და შეჯიბრებები – ხრიდოლი. სპორტული ღონისძიებების დასასრულს გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.
17:00 საათზე გაიმართება დოღი, ცხვრის პარსვა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები ტრადიციული სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღონისძიებას 20:00 საათზე ჯგუფი ,,ბანი“ დაასრულებს.

26 ივნისს, ფესტივალის მეორე დღეს, კი თუშეთის ეროვნულ პარკში მოეწყობა სალაშქრო და საცხენოსნო ტურები. პარკი მდებარეობს ქვემო ომალოში.

ფესტივალი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით ტარდება.