თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
სათემო განვითარების ცენტრი და ჟეშუვის (პოლონეთი) რეგიონული განვითრების სააგენტო იწყებენ ერთობლივი პროექტს „სოციალური ეკონომიკა – კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა.“ თელავში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე დაინტერესებულ ფერმერებს პროექტის ექსპერტები შეხვდნენ. „სათემო განვითარების ცენტრის“ დირექტორის ანა მარგველაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსის წესით შეირჩევა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, კოოპერაციული საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფები, მოხდება მათი გადამზადება, ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სათანადო კონსულტაციების გაწევა და ბაზისური დაფინანსების გაცემა. სულ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. უპირატესობა მიენიჭება ქალთა ინიციატივებს. სათემო განვითარების ცენტრის დირექტორის, ანა მარგველაშვილის თქმით, პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის მიერ.
,,ეს არის მცირე ზომის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორ მუნიციპალიტეტში დავაფინანსებთ ოთხი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის შექმნას. დაფინანსდება ის იდეა, რომელიც კონკურსის ყველა ეტაპს გაივლის და ჟიურის მოწონებას დაიმსახურებს. კოოპერტივის წევრები არ უნდა იყვნენ დასაქმებულები, ცხოვრობდნენ მუდმივად თელავის, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ჰქონდეთ იდეა რომლის გარშემოც გაერთიანდებიან. პროექტი ითვალისწინებს 10% თანადაფინანსებას რომელიც ჯგუფებმა უნდა გაიღონ. თითოეული კოოპერატივი საშუალოდ მიიღებს დაახლოებით 13 000 ლარს. კონკურსის პირველი ეტაპის შემდეგ სანამ საბოლოო შედეგები გამოცხადდება, ეს ჯგუფები გაივლიან დეტალურ კონსულტაციებს და ტრეინიგებს, უშუალოდ კოოპერაციული საქმიანობის შესახებ. ამისათვის ჩვენ მოვიწვევთ გამოცდილ კონსულტანტებს და ტრენერებს.
როგორც ვიცით, საქართველოში არის მცირემიწიანობის პრობლემა და ხშირად არაეფექტურია მცირე მიწის მართვა. ისეთი გაერთიანება, სადაც მევენახეებს და ფერმერებს ერთობლივი ტრაქტორი ან მაცივარი ექნებათ, მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს შრომას აიოლებს, ადამიანებს ასწავლის თანამშრომლობას და საქმის ერთად კეთებას.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი, რომელიც 30 ივნისს მთავრდება. უნდა შეივსოს მარტივი განაცხადის ფორმა, რომელიც დაინტერესბულ პირებს შეუძლიათ ნახონ სათემო განვთარების ცენტრის ვებ-გვერდზე www.satemo.ge და ჩამოტვირთონ. აგრეთვე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი პროექტის მენეჯერს ტატო ხუნდაძეს, ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 577 73 30 44 და მიიღონ კონსულტაციები და დეტალური ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ,’’- განუცხადა knews.ge-ს ანა მარგველაშვილმა.
ფერმერების თქმით, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, ერთი მხრივ, იღებენ ცოდნას და საჭირო ტექნიკურ დახმარებას და მეორე მხრივ, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს შემოსავლების გაზრდას და მეურნეობების გაფართოებას.
,,ძალიან კარგი პროექტია, მივესალმები პროქტის იდეას. ჩვენს ოჯახს დიდ ფართობზე აქვს თხილის პლანტაციები და ვფიქრობ ამ კუთხით ჩავერთოთ პროექტში. შენობა–ნაგებობაც მზად გვაქვს, მაგრამ გვჭირდება ტექნიკური დახმარება, მაგალითად, თხილის სარჩევი აპარატი. თუკი ამ პროექტის ფარგლებში გავივლით ტრენინგებს და შევისწავლით ყველაფერს ძალიან დაგვეხმარება,’’- განუცხადა knews.ge-ს ფერმერმა ეთერი მამუკელაშვილმა.