სოფელ ჩალაუბანში მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა
ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი სასმელი წყალია. მათი განცხადებით, წყლის გამოყენება არამარტო სასმელად, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებშიც შეუძლებელია, რადგან წყალი დაბინძურებულია, ხშირად მოჰყვება ქვეწარმავლები. სოფლის მცხოვრები ირაკლი მამისაშვილი აცხადებს, რომ მოწამვლის ფაქტი სასმელი წყლისგან არის გამოწვეული. ,,ექიმმა მითხრა, რომ მოწამვლა საკვებისგან არ არის გამოწვეული. წყალს ღამეც ვსვამ და როცა დავლიე, ცუდად გავხდი“, – აცხადებს მამისაშვილი.
სოფელი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათივე განცხადებით, უკვე მეოთხე წელია, სასმელი წყლის სისტემა არ გაფილტრულა. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი ხელისუფლებას პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს. ,,წლებია ეს პრობლემა გრძელდება და მოგვარება სჭირდება. ჩვენი ხელისუფლების დროს წყლის სისტემა მთლიანად ამოიცვალა, მოდიოდა სუფთა წყალი“, – აცხადებს დეპუტატი.
სოფლის რწმუნებული კი ინფორმაციას არ ადასტურებს და მოსახლეობას პროვოკაციაში ადანაშაულებს. ,,რეზერვუარებს ვწმენდავთ და ჭაბურღილს კიდევ ახალს ვაკეთებთ“, – განაცხადა რწმუნებულმა.