ახალი ამბები

კახეთში 9 აგრომეტეოროლოგიური სადგური განთავსდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტის ფადი კარამის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აგრომეტეოროლოგიური სადგურების დამონტაჟებისთვის შესაბამისი გეოგრაფიული ლოკაციის შერჩევის  პროცესი დაიწყება. 

,,სადგურების საშუალებით, მეტეოროლოგიური პირობების შესწავლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, მცენარეთა დაავადებების და მავნებლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და კლიმატთან მიმართებაში გონივრული სოფლის მეურნეობის წარმოება”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა.

მან, ასევე სოფლის მეურნეობის წარმოებაში აგრომეტეოროლოგიური სადგურების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ფერმერებისთვის კლიმატის გავლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საჭიროებაზე გაამახვილა.

პროექტი ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად.