ახალი ამბები

მიწის რეგისტრაცია უფასო ხდება

,,საჯარო რეესტრი იძენს ახალ უფლებამოსილებას, რომ მოქალაქის ნაცვლად მოიძიოს ყველა უფლება დამდგენი დოკუმენტი, რომ ამზომველები დაექვემდებარონ, ვისაც სურვილი აქვს სერტიფიცირებას და თუ კი სერტიფიცირებული ამზომველი აგიზომავთ მიწას, მაშინ აზომვა იქნება უფასო” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.
ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი – მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც დაეხმარება.