ახალი ამბები

ლაგოდეხის მთებში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. სოფელ მსხალგორის მოსახლეობა აცხადებს, რომ გარდაცვლილი სამი თვის წინ გაუჩინარებული მონადირეებიდან ერთ-ერთია, რომელიც ადგილობრივებმა ტანსაცმლით ამოიცნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მთებში მამაკაცის ცხედარი 2 ივნისს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა კახეთში ხუთი თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია. გარდაცვლილი უამინდობის გამო 4 ივნისს ჩამოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. 
ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მკვიდრ ავთო და დათო სამხარაძეებთან ერთად ლაკოს ხეობაში სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. სამი მონადირის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 3 იანვარს გავრცელდა. 7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული მონადირეები დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამაც დაადასტურა, თუმცა 8 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული მონადირეების დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ტყეში დაკარგულ მონადირეებს ხუთი თვის განმავლობაში ეძებდა. სამძებრო სამუშაოები 19 მაისს შეწყდა.