ახალი ამბები

ყვარელში მრავალწლოვანი ხეების ჭრას აპროტესტებენ

ასწლიანი ხეების ჭრას ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი აპროტესტებს. შილდელები ამბობენ, რომ ნაძვის, ცაცხვისა და კედარის ხეებს უკანონოდ ანადგურებენ და მასალას უცხო ქვეყნებში გასაყიდად ამზადებენ. 
„არ მახსოვს, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი ოდესმე მოსულიყო. ერთ-ერთი ხელმომწერია ქალბატონი არევაძე და პირველი სკოლის დირექტორი. ის ჩემთან მუშაობდა. მას არასოდეს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ ბუერა ან ბუსუსი აწუხებს და ხე მოვჭრათ. უცებ აღმოჩნდა, რომ სოფელში მცხოვრები 6000 ადამიანიდან 26 მათგან აწუხებს ბუსუსი“, – განაცხადა სოფიო მირიანაშვილმა.
„ისრიული ბაღიდან ამ ხეების მოჭრა იყო ძალიან დიდი შეცდომა. მაინტერესებს, სად მიდის ეს ხეები და ვისი დავალებით იჭრება. ვინ გასცა იმის განკარგულება, რომ აქ ხეები მოჭრილიყო. ეს არის უნიკალური ხეები“, – აღნიშნა ლალი ნიკოლოზიშვილმა. 
როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა განუცხადა, რამდენიმე ოჯახის მოთხოვნის გათვალისწინებით ხელისუფლებამ ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ხეები იყო დაავადებული იყო და ყვავილობის დროს გამოყოფილი მტვერი მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. 
„სოფელ შილდის სკვერში არსებული ხეების მოჭრის მოთხოვნით ყვარლის მუნიციპალიტეტსი გამგეობაში შემოვიდა რამდენიმე ადამიანის განცხადება. დაავადებული, ბუეროვანი იყო და მოსახლეობას ალერგია ჰქონდა. ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნა გაითვალისწინა და ხეები მოჭრა“, – განუცხადა knews.ge-ს ილია მზექალაშვილმა. 
ყვარლის მუნიციპაიტეტის გამგებელი მოჭრილი ხეების გაყიდვას გამორიცხავს. მისი განმარტებით, ხეები დაიხერხება და მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება.