ახალი ამბები

ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი საგრანტო პროგრამა დაიწყო

პროექტის მენჯერის ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, განაცხადის შეტანა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, კომერციულ ინსტიტუტებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს.

,,საგრანტო კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს, რა დროსაც მიიღება და საბოლოოდ შეირჩევა საპროექტო განაცხადები. საგრანტო პროგრამის ფარგლებში განიხილება კომერციული (არასასოფლო- სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო) მიმართულებები, ასევე, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები. შერჩევის პირველ ეტაპზე განმცხადებელი ავსებს საპროექტო იდეის ფორმას, რომელიც შემუშავებულია პროექტის მიერ. შერჩევის მეორე ეტაპზე წარმატებით გადასვლის შემთხვევაში განმცხადებელს მოეთხოვება დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის დეტალური ჩამონათვალი გადაეცემა მოგვიანებით“, – ამბობს მარუაშვილი. 
მისივე ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი გრანტის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მინიმალური და მაქსიმალური თანხის მოთხოვნებს.

,,კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო) მიმართულება – 5000 – 30000 ევრო. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია – 3000 – 20000 ევრო. სოციალური და არაკომერციული მიმართულებები: ადვოკატირება, სოციალური აქტივობა, ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები – 1000 – 10000 ევრო“, – აცხადებს პროექტის მენეჯერი.
საგრანტო პროგრამა მხარს არ უჭერს პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიურ და პოლიტკურ ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს. საგრანტო პროგრამა პროექტის „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში” ფარგლებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ხორციელდება. 
საგრანტო პროგრამის დოკუმენტებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე – www.enpard.ge დაwww.care-caucasus.org.ge.