ახალი ამბები

მთავრობა იყალთოს ხევის ტურისტულ განვითარებაზე იწყებს მუშაობას

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, შეიქმნება სპეციალური კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის იყალთოს ხევის, როგორც ტურისტული განვითარების შესაძლობლობები. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენარჩუნება და მათი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით
”შესწავლის დამთავრების მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ იყალთოში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შესაბამისად მისი ტურისტული მიმზიდველობა საკმაოდ მაღალია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა. გარდა ამისა, იყალთოს ხევში დაიგეგმება არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოები. პროექტის ფარგელბში, ასევე, განხორციელდება იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. მთავრობა იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცებასაც გეგმავს.
იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობ კომისიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.