ახალგაზრდული ინიციატივები თვითმმართველობას ცვლის
ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა საგარეჯოს 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. პროექტის „ახალგაზრდები თემის განვითარებისთვის“ ფარგლებში საგარეჯოს 80 მდე ახალგაზრდამ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სპეციალური ტრეინინგ-პროგრამა გაიარა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისათვის კომუნიკაციის, ლიდერული უნარ-ჩვევების, მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას. პროექტი ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედია ცენტრი კახეთი“ ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დახმარებით განახორციელა, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია მსოფლიო ბანკმა.
,,მედია ცენტრი კახეთის” დირექტორის მაია მამულაშვილის განცხადებით, ტრეინინგებმა შერეული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ხელი შეუწყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციას.
,,პროექტის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა ახალგაზრდების მიერ საგარეჯოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის შეთავაზება. მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გზირიშვილს ახალგაზრდულმა ჯგუფებმა, რომლებაც საკუთარ ქალაქსა და თემში პრობლემები გამოკვეთეს, საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს. მნიშვნელოვანია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა მიიღო მონაწილეობა ამ ინიციატივების განხილვაში. მინდა ავღნიშნო, რომ სოფელ დუზაგრამას სკოლაში ახალგაზრდები ფლობენ სახელმწიფო ენას კარგად, რამაც ხელი შეწუყო ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის გაცვლას და ინტეგრაციის პროცესებს. პროექტის ბოლოს მივიღეთ მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ შეცვალონ გარემო და მიიღონ მონაწილეობა სათემო პრობლემების გადაჭრაში.“
პროექტში ჩართული ტრენერის თინა სიბაშვილის თქმით, განხორციელებულმა პროგრამამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების აქტივობის, მათი უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდას ინტენსიური სასწავლო და მოხალისეობრივი აქტივობებით.
,,ახალგაზრდებმა სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიიღეს ცოდნა, მოხდა ინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებთან დიალოგის მხარდაჭერას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით. ახალგაზრდებმა გააცნობიერეს საკუთარი მათი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში თანამონაწილეობის კუთხით”.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საგარეჯოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში. იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამას საჯარო სკოლის დირექტორის კიაზ აბუზაროვი მოსწავლეების ამ პროექტში ჩართულობას მნიშვნელოვანსა და საჭიროს უწოდებს.
,,ამ პროექტის ხელშეწყობით ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, რომ ჩართულები ყოფილიყვნენ თემის, სოფლის პრობლემების გამოკვეთაში. მნიშვნელოვანია, არაფორმალური განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის. თუ მსგავსი პროექტები და პროგრამები გაგრძელდება, მივესალმები”.
საგარეჯოს გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებმა ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინეს საკუთარი ინიციატივები.
,,ახალგაზრდული ინიციატივების განხილვა საჯარო სივრცეში მნიშვნელოვანია, მოვისმინეთ საჭირო ინიციატივები, რომელიც საგარეჯოსთვის არის აქტუალური. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ექვსივე ინიციატივას დავუჭირეთ მხარი. ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული წინადადებების უმეტესობა წელსვე იქნება მხარდაჭერილი, ხოლო რამდენიმე მათგანი კი, მომავალი წლისთვის იქნება გათვალისწინებული.”
ახალგაზრდებმა რამდენიმე ინიციატივა წარადგინეს: ქალაქ საგარეჯოს ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული სამკითხველოს მოწყობა; სოფელ დუზაგრამაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია და სოფლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფა, ასევე სოფელ დუზაგრამას ცენტრალური ნაწილის ინტერნეტით უზრუნველყოფა და სკოლაში მუსიკის გაკვეთილისა და ინსტრუმენტების დამატება, ხოლო ქალაქ საგარეჯოში ღია კინო ჩვენებების მოწყობას და გოგონათა სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.
გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები, სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ. „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ მადლობის სიგელები ქალაქ საგარეჯოს N1, 2,N3, 4, წყაროსთავისა და დუზაგრამის საჯარო სკოლის დირექტორებს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის გადაეცათ.
საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის მოსწავლის, ნატო მეზვრიშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინფორმირებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით.
,,ამ პროექტმა დამანახა, თუ რა როლი აქვს ახალგაზრდას თემის განვითარებაში, როგორ გამოვკვეთოთ და მივიტანოთ ჩვენი პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობამდე და როგორ ვიყოთ აქტიურები. ჩემი ცნობიერება ამ კუთხით მნიშვნელოვნად ამაღლდა”.
პროექტის დასასრულს, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილი ექსკურსია, რომელიც დატვირთული იყო შინაარსობრივად, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მოსწავლეები თავდაპირველად ესტუმრნენ საქართველოს პრეზიდნეტის სასახლეს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მოინახულეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. მოგვიანებით, ახალგაზრდებმა მოჯნახულეს კუს ტბა და გაისეირნეს რიყეზე.
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებს და მის კოორდინატორს ქეთევან სიბაშვილს.
პრეზიდენტის სასახლე
საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ბოტანიკური ბაღი