სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს ამ დრომდე კომპენსაცია არ აუღიათ
განსაკუთრებით რთული ვითარება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში შეიქმნა, სადაც სტიქიამ 150 ჰექტრამდე ვენახი გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობის განცხადებით, სტიქიამ სოფლებში მარწყვის მოსავალი და ბოსტნეულიც გაანადგურა.
ადგილობრივებისვე ინფორმაციით, კომპანია ,,დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით გამოიყენა. სტიქიით დაზარალებული გლეხები და ფერმერები კი, კომპენსაციის მოლოდინში არიან.
,,ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. სეტყვა ჩალაუბანში 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, მიწასთან გაასწორა ჩემი ვენახი, ვაზს ფოთლები აღარ შერჩა. მოსავალს ვეღარ მივიღებ, არც დაზღვეული მქონდა, რომ სადაზღვევო კომპანიას მაინც აენაზღაურებინა ზარალი. სახელმწიფო თუ დაგვეხმარება და ფულად კომპენსაციას მოგვცემს, წაგვადგება,”- განუცხადეს knews.ge-ს მევენახეებმა.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტიქიამ რეგიონში ჯამში 1100 ჰექტარი მოსავალი გაანადგურა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მადონა ბატიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ზარალის ზუსტი რაოდენობა დათვლილი არარის.
,,ამ დროისთვის ითვლება ზარალი, შემდეგ შესაბამის უწყებებს ეცნობება და გლეხების დახმარებაზე გადაწყვეტილებებსაც შესაბამისი უწყება მიიღებს. მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული აქვს, ზარალს კომპანიები აუნაზღაურებენ. როდესაც ქვეყანაში დაზღვევის პროგრამა ამუშავდა, ავტომატურად ითქვა უარი კომპენსაციების გაცემაზე, რადგან ერთი მეორეს ხელს უშლის. იმ ფერმერს ვისაც დაზღვეული არ აქვს მოსავალი და აუნაზღაურებენ ზარალს, მეორე წელს მოსავალს სხვებიც აღარ დააზღვევენ. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა სახის დაზღვევა აქვს ფერმერს. მაგალითად, თუ მოსავალი წყალდიდობაზე გაქვთ დაზღვეული და სეტყვამ გაგინადგურათ, მაშინ კომპენსაციას ვერ გამოგიყოფენ“, – განუცხადა knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს. პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე 180 ლარს შეადგენს. დახმარებას მიიღებს კახეთის რეგიონის ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები 1-16 მაისს, ძლიერი სეტყვის შედეგად დაუზიანდა. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.
,,პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.