გურჯაანში შესაძლოა ბზა განადგურდეს
დაავადება ,,ბზის ალურა” სოფლებში უკვე გავრცელებულია. ბზის მავნებელი პეპლის მატლები იკვებებიან მცენარის ფოთლებით და, რაც მის განადგურებას იწვევს. მოსახლეობა მცენარის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.
,,სახლში ბზის ორი დიდი ხე გვაქვს. რაღაც დაავადება გაუჩნდა, მატლები დაეხვია და სამ დღეში ასწლოვანი ხეები განადგურების პირას მიიყვანა. ხეებს ფოთლები აღარ აქვს, ისე გამოიყურება თითქოს მზისგან არის დამწვარი. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და გვითხრას, როგორ მოვიქცეთ ან რა წამალი დავასხათ რომ არ გახმეს მთლიანად”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის მაცხოვრებლებმა.
როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, აღნიშნულმა დაავადებამ შესაძლოა ბზა მთლიანად გაახმოს.
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის თქმით, ხელისუფლება, აღნიშნული დაავადების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბზის შეწამვლას იწყებს.
,,იწყება ბზის შეწამვლა. ამისთვის მოსახლეობამ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, უნდა მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას. ისინი აკეთებენ შეწამვლის კოორდინაციას და გადმოგვცემენ მონაცემებს. შეწამვლას სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემდეგ აფინანსებს. ამ დროისთვის ყველა გამგეობას აქვს გაგზავნილი შეტყობინება”,- განუცხადა Knews.ge-ს კარლო ამირგულაშვილმა.