თელავის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი პროექტი დაიწყო
გარემოსდაცვითი განათლების პროგრამ მია 2016 წლის 22 მარტიდან ხორციელდება და მისი მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება, თემის მობილიზება ამ საკითხების შესახებ და პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
,,პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეების ქტიური ჩართვა პროცესებში და, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა იმისათვის, რათა ახალგაზრდებმა განახორციელონ ინიციატივები და იდეები ნარჩენების ინტეგრირებულ მართვაზე. 19 საჯარო სკოლაში შეიქმნება ეკოკლუბები და თუ უკვე არსებობს, გააქტიურდება. პროექტის ფარგლებში 10 სოფელში განადგურდება მცირე ზომის ნაგავსაყრელი და ეს ტერიტორიები გამწვანდება ნერგებით. ამ აქციის მიზანია, რომ დაბინძურებულ ადგილებს შევუცვალოთ ფუნქცია და ასოცირდებოდეს რეკრეაციულ ტერიტორიასთან.
ის ეკოკლუბები, რომლებიც ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიქმნება, აქტიურად იმუშავებენ საკუთარ თემში, რათა აამაღლონ გარემოსდაცვითი ცნობიერება. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, თითოეული სკოლიდან შეირჩევა ერთი მოსწავლე, რომელიც იქნება ელჩი საკუთარ სკოლაში. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ჩატარდება კონკურსები, ჩემპიონატები, ინტელექტუალური თამაშები და ახალგაზრდული სამიტები“, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტმა გიორგი ორკოდაშვილმა.
გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა ,,ეკო-აგენტები ნარჩენების წინააღმდეგ“ ხორციელდება პროგრამის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს International City/County Management Association(ICMA) CityLinks პროგრამის ფარგლებში, მეფე ერეკლეს სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად და აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ თელავის მერია და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა.