კახეთში სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციების გაშენება მიმდინარეობს
აკაციის პლანტაციების გაშენება კახეთის რეგიონში ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გასულ წელს დაიწყო.
,,ყვარლის სატყეო უბნის ახალსოფლის სატყეოს ტერიტორიაზე 0,1 ჰა ფართობზე მოწყობილი სანერგედან მიღებული ნერგებით 2015 წელს პლანტაცია 6,5 ჰა ფართობზე გაშენდა და 37 500 ნერგი დაირგო. მიმდინარე წლის აპრილის თვეში იმავე უბნის ტერიტორიის 3,5 ჰა ფართობზე 16 500 ნერგი დაირგვება და მოეწყობა სანერგე 0,2 ჰა ფართობზე. სწრაფმზარდი სახეობებით პლანტაციების გაშენება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების საუკეთესო საშუალებაა და, ერთის მხრივ, ხელს უწყობს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ”, – განუცხადეს Knews.ge-ს სააგენტოში.
შემოდგომიდან სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციების გაშენება დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის 5,8 ჰა ფართობზეც იგეგმება, სადაც ჯამში 29 ათასი ნერგი გაშენდება.