ახალი ამბები

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებას ითხოვს

როგორც თხლაშიძემ knews.ge-ს განუცხადა, ის ითხოვს, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება შეიტანოს. კერძოდ კოდექსის 30-ე მუხლი, რომელიც საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესს და პირობებს განსაზღვრავს, კიდევ უფრო უნდა დაზუსტდეს. 
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში უნდა იყოს ნათლად განმარტებული, ვის მიერ უნდა შეიქმნას ფრაქცია. კოდექსის 30-ე მუხლი, რომელიც ამ საკითხს განსაზღვრავს, ბუნდოვანია“, – განუცხადა knews,ge-ს არჩილ თხლაშიძემ. 
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ ქალაქ თელვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი ოპოზიციური ფრაქცია „ძლიერი თელავი“ დაარეგისტრირა. საკრებულოს დეპუტატები „ახალი მემარჯვენეებიდან“ ნიკოლოზ ვარდოშვილი, “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაადურ რევაზიშვილი და ლევან არჯევანიძე 2014 წლიდან ითხოვდნენ ოპოზიციური ფრაქციის შექმნას, რომელზეც წარმომადგენლობითმა ორგანომ უარი უთხრა.
დეპუტატებმა საკრებულოს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმე მოიგეს. სასამართლომ გააუქმა საკრებულოს გადაწყვეტილება და წარმომადგენლობით ორგანოს ფრაქცია „ძლიერი თელავის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი-აქტის გამოცემა დაავალა. ქალაქ თელავის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა პალატამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საკრებულომ საკასაციო საჩივარით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკრებულოს საკასაციო საჩივარი. ქალაქ თელავის საკრებულოში ამ დრომდე მხოლოდ ერთი ფრაქცია, “ქართული ოცნება” ფუნქციონირებდა.