ახალი ამბები

სოფლის განვითარების ღონისძიებებისათვის ევროკავშირმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა 36 მილიონ ლარს (14 მილიონ ევროს) შეადგენს. დაინტერესებულ პირებს კონცეპტუალური განაცხადების წარდგენა 2016 წლის 16 მაისამდე შეეძლებათ. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა (ENPARD) ფოკუსირებული იქნება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: სოფლად ეფექტური არა სასოფლო-სამეურნეო დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა, გარემოს რესურსების მგრადი მართვა და დაცვა, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, მათ შორის უფრო კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარება.
სოფლის განვითარების ღონისძიებები კახეთის მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში – დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში განხორციელდება. ღონისძიებების განხორციელება ახალქალაქში; დუშეთში; თეთრიწყაროში; მესტიაში; ყაზბეგში, ბორჯომში, ქედასა და ხულოშიცაა გათვალისწინებული. 
2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფლის განვითარების ღონისძიებები ყაზბეგში, ლაგოდეხისა და ბორჯომის ტერიტორიულ ერთეულებში განახორციელეს. 
ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში (ENPARD Georgia) ევროკავშირის პროგრამაა, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობისათვის უკეთესი დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნის სტიმულირება. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი შეადგენს 265 მილიონ ლარს (102 მილიონ ევროს).