თელავში ფოტოკონკურსის “ფოტოსინთეზი 2016” რეგიონული ტური გაიმართა
ღონისძიებას კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოკონკურსის ეროვნულ ტურში, რომელიც 21 მარტს ქალაქ თბილისში ჩატარდება.
,,კონკურსის მეორე ტურში მონაწილეობას იღებდა 25 საჯარო სკოლის 31 მოსწავლე. შემოვიდა 39 ფოტო, საიდანაც სამი საუკეთესო ავარჩიეთ. ქალაქ თელავის მერიის, თელავის თემის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგეობების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელების მიერ შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა II და I ადგილის მფლობელი. III ადგილის პრიზიორი გამოვლინდა “ლაიქების” მეშვეობით, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის II საჯარო სკოლის მოსწავლემ ეთერ ხვედელიძემ დაიკავა, II ადგილზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის მოსწავლე დათო ყაჭიაშვილი გავიდა. პირველი ადგილი კი ერგო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეს ოთარ ოთიაშვილს. გამარჯვებულები და მათი პედაგოგები დაჯილდოდნენ სამახსოვრო საჩუქრებით’’,- განუცხადა Knews.ge-ს კახეთის რეგიონში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) კოორდინატორმა, კახა სუხიტაშვილმა.
ფოტოკონკურსი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო.