ლაგოდეხის გამგებელი ,,საქართველოს განვითარების ფონდის” ბრალდებებს პასუხობს
კახა ჯამბურია პაატა ბურჭულაძის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაგვიანებულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტები მის გამგებლად არჩევამდე განხორციელდა.
,,როდესაც გარკვეული ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას, ჯობია კარგად გაეცნონ საკითხს, რომ საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში. მინდა აღვნიშნო, რომ ლაგოდეხის ცენტრში არსებულ სკვერში 15 000 ლარის ღირებულების ქვა 2012 წელს, წინა ხელისუფლების დროს, განთავსდა. მეც ვფიქრობ, რომ არ იყო თანხები სწორად გახარჯული. სოფელ გურგენიანში სარიტუალო ფარდული კი აშენდა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც დაიხარჯა 14 900 ლარი. აღნიშნული სამუშაოები 2014 წლის აგვისტოში დასრულდა. შესაბამისად ეს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. მე მაშინ გამგებლად ჯერ არ ვიყავი არჩეული’’,- განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განვითარების ფონდის შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ თელავში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის გამგეობამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად, 3 მილიონი ლარი გახარჯა.