თელავში საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი გაიხსენეს
დისკუსია, რომელიც თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა 1921 წლის თებერვალში საქართველოში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს, კერძოდ წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობას მიეძღვნა. შეხვედრას ისტორიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გაიხსენეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ ახალგაზრდა გმირი ქალი მარო მაყაშვილი. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა განახორციელა საქართველოს ანექსია და ქვეყანაში დამყარდა ბოლშევიკური რეჟიმი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ლიკა იმერლიშვილის განცხადებით, 70 წლის მანძილზე რუსეთი ქართველ ხალხში ანადგურებდა საქართველოსთვის დაცემული გმირების ხსოვნას, რის გამოც საზოგადოება არ იყო ინფორმირებული ამ ახლაგაზრდა ქალის შესახებ.
,,საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების დროიდან, ისტორიკოსები და მკვლევარები დაინტერესდნენ ამ პერიოდის უცნობი გმირებით დასაინტერესო მასალებიც იქნა მოძიებული მარო მაყაშვილის ცხოვრების, მისი საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ მე-20 საუკუნის 20 -იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობაზე, იუნკერების გმირობასა და მარო მაყაშვილის პიროვნებაზე და მისი თავგანწირვის მნიშვნელობაზე, რა როლი ითამაშა საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციამ საქართველოს განვითარებაზე, მომავალზე და რა დაღი დაასვა მის ევროპულ მისწრაფებებს. შეხვედრის მიზანი იყო ამ მოვლენებისა და ზოგადად ისტორიის ახლებური გააზრება, რათა საზოგადოებამ გაითვალისწინოს წარსულის შეცდომები და არ გადაუხვიოს არჩეული ევროპული კურსიდან და ასევე გვინდოდა ხაზი გაგვესვა გმირი ქალის ღვაწლისა და დამსახურებისათვის’’,- განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.
წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად19 წლის მარო მაყაშვილი მოხალისედ წავიდა. ის წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 95 წლის წინ 19 თებერვალს მარო მაყაშვილი ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. ის დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.