“მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ, სანამ ბანკიდან სესხს აიღებენ”
ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკიდან სესხის აღებამდე მომხმარებლებმა ფინანსური შესაძლებლობები უნდა გათვალონ. “მოსახლეობას მოვუწოდებთ ბანკიდან სესხის აღებისას კარგად გათვალოს თავისი ფინანსური შესაძლებლობები და დაფიქრდეს, სანამ სესხს აიღებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ მივაწოდოთ სასარგებლო რჩევები იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ისე, რომ პრობლემა არ შეექმნათ”,- განუცხადა knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.
მისივე განცხადებით, მოსახლეობას ბანკებთან ურთიერთობის დროს მუდმივად ექმნება პრობლემები, რადგან მომხმარებლები თავიანთი უფლებების შესახებ არ არიან ინფორმირებულები.
,,ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს აქვთ ჭარბვალიანობა. რამდენიმე სესხი ერთად და მისი პროცენტი და ძირი იმდენი გროვდება, რომ ყოველთვიურად ვეღარ აუდიან გადახდას. გარდა ამისა, არის პრობლემა, რომ სესხის აღებისას მოქალაქეები არ კითხულობენ ხელშეკრულებას და ისე აწერენ ხელს. ასევე გვხვდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევები და სხვა. პრობლემები არის ბანკების მხრიდანაც, რადგან ისინი ხშირად ნაკლებად ლოიალურები არიან და თუ პრობლემა წარმოიქმნება, აქვთ ხისტი დამოკიდებულება. ამან კი შეიძლება დამატებითი პრობლემა შეუქმნას მომხმარებელს”, – განაცხადა კეპულაძემ.
ორგანიზაციას ,,საზოგადოება და ბანკები” აქვს ცხელი ხაზი და საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მივიდნენ ან დარეკონ და საბანკო პროცედურებთან დაკავშირებით უფასოდ მიიღონ კონსულტაცია.
პროექტს ,,რჩევები მომხმარებლებს”, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკები” გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
ანა ალიბეგაშვილი, ექსპერტი საბანკო საკითხებში
გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” გამგეობის თავმჯდომარე