კახეთის რეგიონში 60-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება
პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ,,თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი” ანხორციელებს. ორგანიზაციის დირექტორის, ნათია ქარჩაიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადამზადდებიან და შემდეგ დასაქმდებიან.
მისივე თქმით, ორგანიზაცია ამისთვის მჭიდროდ თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
,,აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს შშმ პირთა განათლებას და დასაქმებას. ჩვენი მიზანია, 2 წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში დავასაქმოთ დაახლოებით 60 ადამიანი, ეს იქნება სტაჟირებით თუ ისე დასაქმება. გარდა ამისა, იგეგმება რიგი ღონისძიების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ უკვე გავმართეთ პროექტის პრეზენტაცია, შევხვდით პოტენციურ დამსაქმებლებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ბენეფიციარებს, რომლებსაც გავაცანით სამომავლო გეგმები”,- განუცხადა Knews.ge-ს ნათია ქარჩაიძემ.
პროექტის ბიუჯეტი 377, 981 ევროს შეადგენს. შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობ პროექტს ქუთაისის ,,განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი” პარტნიორ ორგანიზაციებთან, თელავის ,,განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან” და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი ,,ოტავა -98”- თან ერთად სხვადასხვა რეგიონში ანხორციელებს.
ევროკავშირის პროექტების მენეჯერის, ნინო ყოჩიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია მდგრადი ინკლუზიური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლებიდან დასაქმებაზე ეფექტურად გადასვლის შესაძლებლობების შექმნით.
,,ჩვენი მოლონიდია, რომ პროექტის დასასრულს გვექნება ხელშესახები შედეგები. შშმ პირები გადამზადდებიან და რაც მთავარია მათ მიეცემათ დასაქნების საშუალება, რომელიც იქნება გრძელვადიანი და წარმატებული. პროექტი მათ მისცემთ საშუალებას, თავისი ცხოვრება უკეთესად წარმართონ და თავი სრულფასოვნად იგრძნონ”,- განუცხადა kNEWS.GE-ს ნინო ყოჩიშვილმა. თელავის მერიაში ორი შშმ პირია დასაქმებული.