რა არის პროფესიული სწავლების უპირატესობა
ბოლო წლებში რეგიონებში პროფესიული კადრების არსებობის საჭიროება გამოიკვეთა. ტურიზმი და მომსახურების სფერო, მშენებლობა, მეღვინეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა და სხვა, უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების გარდა, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა პროქტიკოსებზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური განვითარების ტემპი მოითხოვს ამგვარი კადრების სწრაფ მომზადებას, რასაც სწორედ პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემა უზრუნველყოფს. დარგის ექსპერტების თქმით, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მინიმალური დანახარჯის გარეშე მიიღონ განათლება და გახდნენ კონკრეტული მიმართულებით სპეციალისტები. საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტების თქმით, სწავლის გადასახადის გადახდა არ უწევთ, რაც მათ დანახარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.
საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისის’’ სტუდენტ ლერი გაფრინდაშვილის თქმით, იგი ფერმერის სპეციალობას 2015 წლიდან ეუფლება, სწავლის დროს მისი დანახარჯები ძალიან მცირეა და თვეში 250 ლარს შეადგენს (წელიწადში 3000 ლარს). იგი ფიქრობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების შემთხვევაში დახარჯულ თანხას 2 წლის მუშაობის შემდეგ აინაზღაურებს. ლერი გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ კოლეჯის სტუდენტს უფრო მეტი შანსი აქვს დასაქმების, ვიდრე უნივერსიტეტის.
,,თუ გადავხედავთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას დასაქმების მხრივ, უმაღლეს დამთავრებულ სტუდენტს ძალიან მცირე შანსი აქვს. რაც შეეხება, პროფესიულ განათლებას, თუ სტუდენტი გახდება თავისი საქმის პროფესიონალი, მას ყველანაირი ხელშეწყობა და პერსპექტივა აქვს, დასაქმდეს. ჩემი აზრით, როცა სტუდენტი სწავლობს 4 წელი და ამავდროულად ემატება სხვა დანახარჯები, ანაზღაურების მხრივ დანახარჯების გამომუშავებას შეძლებს 4-5 წელში. საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა. ჩემი მინიმალური დანახარჯი შეადგენს დაახლოებით 250 ლარს თვეში. დასაქმებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კოლეჯში დახარჯული თანხის გამომომუშავებას დაახლოებით 2 წელში შევძლებ. ყველა ახალგაზრდას ვურჩევდი, განურჩევლად შესაძლებლობებისა, აირჩიონ პროფესიული სასწავლებელი, რადგან დღესდღეობით პროფესიონალი კადრი ნებისმიერ სფეროში საგრძნობლად ჭირს’’,- განაცხადა ლერი გაფრინდაშვილმა.
კოლეჯ ,,აისის’’ ყოფილი სტუდენტი, მეღვინე ბექა ღუღუნიშვილი 6 თვეა ღვინის კომპანია ,,ქართულ ღვინოებში’’ მუშაობს. იგი ამბობს, რომ მუშაობა სწავლის დამთავრებიდან ორ კვირაში დაიწყო. ღუღუნიშვილის თქმით, მან სრულიად უფასოდ, მინიმალური დანახარჯებით მიიღო სასურველი განათლება, რამაც დასაქმებაში შეუწყო ხელი.
,,სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი მეღვინის პროფესიაზე. სწავლის დამთავრებიდან მალევე დავიწყე ჩემი პროფესიით მუშაობა. კოლეჯში სწავლის დაწყებამდე გავეცანი იქ არსებულ სიტუაციას და დავრწმუნდი, რომ მივიღებდი შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, რადგან იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი ამისთვის და ჰყავთ მაღალკვალიფიციური პედაგოგები. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლა უფასოა, ასევე, არის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სადაც ვცხოვრობდი. შესაბამისად, ჩემი ყოველთვიური ხარჯი საშუალოდ 100-150 ლარს შეადგენდა, რაც წელიწადში 1800 ლარი იქნება. ჯერ მხოლოდ 6 თვეა, რაც დასაქმებული ვარ და სწავლის დროს გაწეული დანახარჯი უკვე ანაზღაურებული მაქვს. ჩემი აზრით, ახალგაზრდები, თუ სწორად შეარჩევენ პროფესიას, კოლეჯი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ის გახდეს პროფესიონალი. ნებისმიერ დამსაქმებელს კი, აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური კადრი. ამ შემთხვევაში დიდია შანსი, ახალგაზრდა ადგილზე დასაქმდეს და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ მოუწიოს სამსახურის გამო.’’
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აცხადებენ, რომ კოლეჯის სტუდენტებთან შედარებით მათი დანახარჯები გაცილებით დიდია. მათ სწავლისა და ბინის ქირის გადასახადი აქვთ, რასაც კვებისთვის საჭირო ხარჯებიც ემატება. უნივერსიტეტების სტუდენტები ამბობენ, რომ მათ წელიწადში 2250-დან 3000 ლარამდე სწავლის გადასახადის გადახდა უწევთ. ამას თუ მიემატება ბინის ქირის თვეში 150-200 ლარი (წელიწადში 2400) და კვების 250 ლარი (წელიწადში 3 000 ლარი), სულ დახარჯული თანხა წელიწადში დაახლოებით 8 400 ლარი იქნება, რაც კოლეჯის სტუდენტების დანახარჯებზე სამჯერ მეტია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ნათია ბოტკოველის თქმით, ის სწავლის გადასახადს არ იხდის, რადგან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სახელმწიფო გრანტი აიღო. მისივე თქმით, ის ორნაირ სახელმწიფო სტიპენდიას იღებს (სემესტრულად 750 ლარს, წლიურ სასტიპენდიო შემოსავალს ორივე სემესტრში 1500 ლარს), ასევე, ზვიად გამსახურდიას (3000-ლარიანი) სტიპენდიის მფლობელია. აქედან გამომდინარე, როგორც თავად ამბობს, მისი ხარჯი უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან შედარებით მხოლოდ ბინის ქირის გადასახადი და კვებისთვის საჭირო ფულია, რაც მთლიანობაში წელიწადში 2000-მდე ლარს შეადგენს.
,,რთული სათქმელია, რამდენ ხანში აინაზღაურებს სტუდენტი სწავლის დანახარჯებს, რადგან ეს დამოკიდებულია უნივერიტეტზე, სადაც სწავლობს. კერძო უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი უფრო მაღალია, სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუ სრულ დაფინანსებას მოიპოვებ, აღარაფრის გადახდა აღარ გიწევს, ასევე, შესაძლებელია მიიღო სტიპენდიაც, რაც დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და სამეცნიერო აქტივობებზე. აქედან გამომდინარე, დანახარჯების ანაზღაურება სწავლის პერიოდშიც კია შესაძლებელი. ერთადერთი, რაც ჩვენ გვევალება, წარმატებული კარიერის შესაქმნელად, არის ის, რომ ვიყოთ საუკეთესოები ჩვენს საქმეში, პროფესიონალები, რომლებსაც არც ერთი დაწესებულება უარს არ ეტყვის დასაქმებაზე. თუ ამ პირობას დააკმაყოფილებს კურსდამთავრებული, მალევე შეძლებს სწავლის დანახარჯების ანაზღაურებას. ჩემი დანახარჯები და შემოსავლები სწავლის განმავლობაში ასეთია: სწავლის საფასურს არ ვიხდი, ვიღებ ორნაირ სტიპენდიას, პირველი, ესაა სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც ინიშნება სემესტრულად (750 ლარი) და, რადგან მე პირველი სემესტრიდან დღემდე ორივე სემესტრში ვიღებ ამ სტიპენდიას, წლიური სასტიპენდიო შემოსავალი 1500 ლარი გამომდის, ასევე, ზვიად გამსახურდიას სტიპენდიის მფლობელიც ვარ, რომელიც წლის ბოლოს 3000 ლარით შეავსებს ჩემს ,,ბიუჯეტს“, ამას ემატება ორი სამსახურიც. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შემოსავლები ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აშკარად აჭარბებს დანახარჯებს. დანახარჯებში იგულისხმება ბინის ქირასა და კვებაზე დახარჯული ფული, რაც საშუალოდ, სასწავლო წლის განმავლობაში 2000 ლარი გამომდის. დიდი იმედი მაქვს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ მაღალანაზღაურებად სამსახურში დავიწყებ მუშაობას, თუმცა, ვფიქრობ, ეს ცოტა შორეული გეგმებია, რადგან ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ ვგეგმავ’’,- განაცხადა ნათია ბოტკოველმა.
პროფესიულ კოლეჯებში აცხადებენ, რომ მათი უპირატესობა უნივერსიტეტებთან შედარებით არის ის, რომ სტუდენტს კვებაში ქირასა და სწავლის გადასახადში თანხის გადახდა არ უწევს. კოლეჯ ,,აისის’’ დირექტორ ნათელა პაპუნაშვილის თქმით, სასწავლო დაწესებულებას აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც სტუდენტი ნებისმიერი პროფესიის შესწავლას შეძლებს. მისივე თქმით, კოლეჯს კარგად აღჭურვილი საერთო საცხოვრებელი აქვს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ.
,,ჩვენი მუშაობით და აქ არსებული პირობებით ვუშვებთ კარგად მომზადებულ, პროფესიონალ კადრებს. კოლეჯი საერთაშორისო პროექტებს ახორციელებს და ვითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას პროფესიულ მომზადებაში. გარდა ამისა, დამსაქმებლებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთიერთობა, ფორმდება მემორანდუმები და ხელშეკრულებები. 103 დამსაქმებელთან გვაქვს ურთიერთობა ახლა და, გარდა ამისა, 300 –ზე მეტი დამსაქმებლის კონტაქტი გვაქვს, რომლებსაც ხშირად ვუკავშირდებით. მათთან გადიან ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობას. განსაკუთრებული კავშირები გვაქვს მეღვინე-მევენახეებთან, სასოფლოსამეურნეო პროფესიების მიმართულებით მომუშავე დამსაქმებლებთან. ჩემი აზრით, პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს უფრო მეტი შანსი აქვთ დასაქმების’’,- განაცხადა ნათელა პაპუნაშვილმა.
ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, რეგიონში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რადგან არსებულ სასწავლო დაწესებულებებს არ აქვთ სათანადო ბაზა, რომ სტუდენტმა მაქსიმალური განათლება მიიღოს. ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, დავით თამარაშვილი ამბობს, რომ რეგიონში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაბალი აკადემიური პერსონალის მქონეა, აქედან გამომდინარე, სტუდენტი სათანადოდ მომზადებული არ არის, რომ დამსაქმებლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თამარაშვილის თქმით, აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰყავდეთ მეტი კვალიფიციური კადრი, რომ სტუდენტები მაღალი დონის სპეციალისტებად გაზარდონ.
,,ახალგაზრდა, რომელიც ჩააბარებს, დასაქმება მისი ცოდნაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ ბედმა გაუღიმა და დასაქმდა, თორემ თელავის უნივერსიტეტში მიღებული განათლებით, მაგალითად, მეღვინეობის დარგის პროფესიონალი კადრები, არ იქნება მომზადებული იმ დონეზე, რომ ქარხანაში მივიდეს და დაიწყოს მუშაობა. ბიზნესს აქვს გაცილებით მაღალი მოთხოვნები და წინ არის წასული, ვიდრე დღეს ამ უნივერსიტეტში არსებული განათლების დონეა. კოლეჯებიდან კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელს აქვს ყველაზე კარგი ბაზა, შედარებით კარგი პერსონალი ჰყავს. მათ გავლილი აქვთ ტრენინგები და ზოგს უცხოეთშიც აქვს მიღებული განათლება, მაგრამ საკმარისი არ არის. მეტი კვალიფიციური კადრია საჭირო, რომ ჩვენ მაღალი დონის პროფესიონალები აღვზარდოთ’’,- აცხადებს თამარაშვილი.
ბიბერახი- თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო. მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მასპინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.