თელავში განათლების გამოფენა 26 თებერვალს გაიმართება
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აქტივობის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის პროფესიული არჩევანის გაადვილება და მათი დასაქმებაა. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მოქმედი დამსაქმებელი ორგანიზაციები და სამუშაოს მაძიებლებს მათთან უშუალო კონტაქტის საშუალება ექნებათ.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ და პრეზენტაციას გამართავენ საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამას წარადგენენ. ორგანიზაციები დაინტერესებულ პირებს პროფესიული და აკადემიური განათლებისა და შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
აღნიშნული პროექტი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტოა და დღემდე მხოლოდ კახეთის რეგიონში ტარდება. ღონისძიება ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს რეგიონის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
ფონდის წარმომადგენლის, დანიელ ბირკენმაიერის განცხადებით, გამოფენა ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის მდგრად განვითარებას და ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და ადგილზე დასაქმებაში დახმარებას გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ გამოფენა ,,მომავალი შენია” კახეთში უკვე მეორედ ტარდება. გასულ წელს ღონისძიებას 5000-მდე ახალგაზრდა დაესწრო.