ახალი ამბები

რესპუბლიკურმა პარტიამ მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი თელავიდან დაიწყო

ხალხი და თვითმმართველობა, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, განათლება და ახალგაზრდობა, ეს ის საკითხებია, რომლებიც პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად განიხილეს. მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა და “რესპუბლიკური პარტიის” კახეთის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ზვიად ყვირალაშვილმა და ზაქრო ქინქლაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. 
„პარტიის ერთ-ერთი მიზანია საკუთარ წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მხარდამჭერებთან მესიჯებისა და გეგმების სწორად მიტანა. წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ყველა რეგიონის მოსახლეობას შევხვდეთ. ვეცდებით, რომ ყოველ შეხვედრაზე პარლამენტის 1 ან ორი წევრი იყოს. ვეცდებით, რომ ამ პროცესში მინისტრებიც ჩავრთოთ. ამჯერად ჩვენ მოქალაქეებთან შეხვედრების ციკლი თელავიდან დავიწყეთ. რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მიღწევაზე, გამოწვევაზე და დისკუსიაც გავმართეთ“, – განუცხადა knews.ge-ს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.