ახალი ამბები

“ზოგიერთმა მოქალაქემ ისიც არ იცის, როგორ უნდა დაწეროს განცხადება”

ასოციაციამ კახეთის რეგიონის თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან თელავში შეხვედრა გამართა. დისკუსიაზე იმსჯელეს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლზე, მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტურ მექანიზმებსა და სხვა საკითხებზე. საქართველოს ეროვნული ასოციაცია რეგიონებში ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისათვის“. პროექტის მიზანია დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა, საზოგადოებრივი მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის, ინფორმაციის საჯაროობისა და მისი გამოთხოვის წესის, პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელის, სათემო მობილიზაციის ექსპერტის, ლალი მახარობლიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ პრობლემების კვალიფიციური ადვოკატირება, პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტის 1200-მდე სოფლის ლიდერისთვის. 
,,დღევანდელი შეხვედრა არის მაგალითი იმის, თუ როგორ ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დიალოგის გზით წარმოაჩინონ არსებული პრობლემები და ერთად იმუშავონ მათი გადაჭრისთვის. მნიშვნელოვანია ურთიერთობის ასეთი ფორმა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს. სამწუხაროდ მოქალაქეების ჩართულობა მართვის პროცესში დღეისთვის არის დაბალი, ჩვენ იმედი გვაქვს გააქტიურდებიან და მეტად ჩაერთვებიან იმ პროცესებში რომელიც მათ ეხებათ უშუალოდ. ამისთვის კი თემის ლიდერებმა უნდა იცოდნენ რა უფლებები აქვთ“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
თელავში რეგიონული საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს მხარდაჭერით (LDA – georgia) ჩატარდა.